ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა „ტელეგრაფთან” ინტერვიუში 2019 წელი შეაჯამა

– მოგესალმებით ბატონო დავით, რა იყო გასული წლის ყველაზე დიდი გამოწვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის, რომლის დაძლევაც მოახერხეთ და თუ დარჩა მოუგვარებელი საკითხები, რომელთა მოგვარებასაც მომავალ წელს გეგმავთ?

– 2019 წელი ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის ყველა მიმართულებით წარმატებული აღმოჩნდა, რაზეც ამ წელს განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მეტყველებს. ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ინფრასტუქტურის მოწესრიგება იყო, ამ მხრივ, პრობლემების მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტმა ძალისხმევა არ დაიშურა. წელს დაბა კაზრეთში  9-სართულიანი კორპუსის ყველა სადარბაზოში თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, სრულიად უსაფრთხო ლიფტების დამონტაჟების პროცესი დასრულდა და ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოსახლეობას მოუგვარდა. აღსანიშნავია, რომ წელს ასევე ბოლნისში ლადო ასათიანის და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩებს შორის ჩამომავალი სანიაღვრე ხევის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ახლა უკვე უხვი ნალექის დროს მოსახლეობის კარ-მიდამოებს საფრთხე აღარ დაემუქრება.  

-მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ძირითადად ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებაზეა მიმართული, თუ იყო საკმარისი თანხები და თუ მოხდა მისი ათვისება ამ მიმართულებით?

-ბოლნისის მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული პრობლემაა მოსაგვარებელი. მათი ერთდროულად გადასაჭრელად კი სამწუხაროდ საკმარისი თანხები არ გაგვაჩნია.   ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დაგეგმილი 124 პროექტი 100 %-ით არის შესრულებული. შესაბამისად, ამ სამუშაოებისთვის გამოყოფილი 10 575 440 ლარი სრულად ავითვისეთ. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე წარმატებით განვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. 

-2019 წელი ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის ბევრი სიახლით გამოირჩეოდა. გაიმართა პირველი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, სხვადასხვა პროექტებში მიიღეთ მონაწილეობა და წარმატებებსაც მიაღწიეთ, მოკლედ რომ შეგვიფასოთ, რა მოუტანა მუნიციპალიტეტს თითოეულმა მათგანმა?

-წელს ვუმასპინძლეთ სოფლის მეურნეობის პირველ  საერთაშორისო ფორუმს ,,ადგილობრივი ხელისუფლებები ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის, სოფლის მეურნეობაში და სოფლად“, რომელიც გულისხმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გამოცდილების გაზიარებას ადგილობრივ თვითმმართველობებს, ბიზნეს სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას და ექსპერტებს შორის. ამ რამდენიმე დღემ ჩვენი ქალაქი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკურ ცენტრად აქცია. მსგავსი ტიპის ყოველწლიური ფორუმი გვეხმარება განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობები და დარგის სპეციალისტებისგან რჩევები მივიღოთ. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის გრანტის ფარგლებში, 2019 წელს უკვე აშენდა „აგროცენტრი“, რომელიც იანვარში დაიწყებს ფერმერთა მომსახურებას. „ბოლნისქალაქობაზე“ კი საზეიმოდ გავხსენით თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩა, რომელზეც  ქვაფენილი დაიგო, მოწესრიგდა საკანალიზაციო, სანიაღვრე ქსელი და მოეწყო ტროტუარები.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი წლებია გამოირჩევა სოციალური პროგრამების მრავალფეროვნებით, რისი დასტურიც წლის მიწურულს მიღებული ჯილდოც გახლავთ, თუ იგეგმება ამ მიმართულებით კიდევ რაიმე სიახლე?

-ბოლნისის მუნიციპალიტეტი ნამდვილად გამოირჩევა სოციალური პროგრამების მრავალფეროვნებით. ბოლნისი საქართველოში საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ გახდა. მერიის პროექტი, რომელიც შშმ პირებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს, ნომინაციაში “მუნიციპალური სოციალური პროგრამები მოწყვლადი ჯგუფებისთვის” საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ  წელს საუკეთესოდ აღიარა. 2020 სოციალური პროგრამების მხრივ არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უკვე წარდგენილია პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარების ყოველთვიური მატერიალური დახმარებების შესახებ. პროექტის მიხედვით, გაიზარდა დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ყოველთვიური დახმარება და შეადგინა 70 ლარი. ამ პროგრამას დაემატა კატეგორია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი ბენეფიციარები, რომლებიც ყოველთვიურად მუნიციპალური პენსიის სახით მიიღებენ 100 ლარს. „სოციალური დახმარებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეინტეგრირებულ შშმ პირებს დახმარება 150 ლარით განესაზღვრათ. ოჯახში ძალადობისა და ქალთა ძალადობის აღკვეთით კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტი ბინის ქირით ამ კატეგორიის ბენეფიციარებსაც დაეხმარება. აქვე აღვნიშნავ, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანები, რომლებიც სტუდენტები გახდებიან, მუნიციპალიტეტისგან ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ 100 ლარის ოდენობით. ვფიქრობ, ეს ახალი სერვისები კიდევ უფრო ქმედითუნარიანს გახდის ჩვენს სოციალურ პოლიტიკას. 

-ასევე გამორჩეული და ტრადიციულია ბოლნისი კულტურისა და სპორტის მიმართულებით, რა იყო გასულ წელს ამ სფეროებში მთავარი მიღწევები?

-ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ სპორტსა და კულტურას სათანადო ყურადღება დავუთმოთ, რადგან გვჯერა, რომ ყოველივე ეს  ახალ თაობას ჯანსაღ ღირებულებებს ჩამოუყალიბებს. 2019 წელს ქალაქ ბოლნისში 2 სპორტული მოედანი გაკეთდა, რომელთა საერთო ღირებულებამაც 91 168 ლარი შეადგინა. მინი სტადიონი მოვაწყვეთ ასევე სოფელ დისველშიც. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით წელს რეაბილიტაცია დაბა კაზრეთში მდებარე საჭიდაო დარბაზს ჩაუტარდა.  ობიექტზე შეიცვალა იატაკი, გარემონტდა გასახდელები, მოეწყო საშხაპეები და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი წარმატებულ სპორტსმენებსა და ხელოვანებს ყოველთვიურ სტიპენდიას უნიშნავს. ყოველი წარმატების შესაბამისად კი მათ ჯილდოსაც აძლევს. 

დასასრულს, რა გეგმები გაქვთ 2020 წლისთვის, როგორი პარამეტრებით დამტკიცდა მომავალი წლის ბიუჯეტი და რა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება?

-2020 წელს ბოლნისის დასავლეთ ნაწილში 22 კილომეტრიანი საკანალიზაციო სისტემა მოეწყობა და ქალაქის მოსახლეობას კანალიზაციის პრობლემა სრულად მოუგვარდება.2020 წელს ასევე გაგრძელდება ქ. ბოლნისში არსებული გზების ქვაფენილით მოკირწყვლის სამუშაოები.  მომავალი წლის ბიუჯეტი 28 864 000 ლარით განისაზღვრა, მასში მუნიციპალიტეტის გამოწვევები და მოქალაქეების საჭიროებები მაქსიმალურადაა ასახული. 2020 წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რაც ვფიქრობ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. 

NO COMMENTS

LEAVE A REPLY